გიმნაზიის მეათე კლასის მოსწავლეებმა განახორციელეს სასწავლო პროექტი „უვნებელი პროდუქტი ჯანსაღი კვებისთვის“, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეები ჯერ თავად გაეცნენ რეგულაციებს: საქართველოს კანონს „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ და 2019 წლის 1 მარტიდან ამოქმედებულ ახალ რეგულაციას „მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების - სურსათის ეტიკეტირების წესის შესახებ“, შემდეგ მოამზადეს ელექტრონული, ანონიმური კითხვარი, განათავსეს გიმნაზიის გვერდზე, აგრეთვე დაამზადეს საინფორმაციო ბარათები, რომლებიც მოსახლეობაში დაარიგეს.
ელექტრონული კითხვარის შედგენის მიზანი იყო, დაედგინათ მოსახლეობის ცნობიერების დონე უვნებელი პროდუქტის, სურსათის ეტიკეტირებისა და მომხმარებელთა უფლებების შესახებ. კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ გამოკითხულთა 51 % იცნობს რეგულაციებს; 71 % აცხადებს რომ მაღაზიებში, სადაც პროდუქტს ყიდულობს, ნაწილობრივ არის დაცული ეტიკეტირების წესი; მაღაზიებს მომსახურების მიხედვით ირჩევს 60 %, სურსათის ეტიკეტირების მიხედვით კი-17 %; სურსათს ხარისხის მიხედვით ყიდულობს 60 %, უვნებლობის მიხედვით კი მხოლოდ 28 %; პროდუქტის შეძენის დროს გამოკითხულთა 40 % იშვიათად, 14 % კი საერთოდ არ აკვირდება სურსათის ვარგისიანობის ვადას; ვადაგასული პროდუქტის შეძენის შემთხვევაში მხოლოდ 54 % აცხადებს, რომ დააბრუნებს პროდუქტს მაღაზიაში. გამოკითხულთა უმრავლესობას (57 %-ს) 18 წლამდე ასაკის ადამიანები წარმოადგენენ.
მოსწავლეთა მიერ მომზადებულ ბარათებზე განთავსებული იყო ინფორმაცია რეგულაციებიდან, რომელიც ეხებოდა სურსათის ეტიკეტირებასა და მომხმარებელთა უფლებებს.
პროექტს ხელმძღვანელობდა რუსუდან გოგინაშვილი.
Comments